პროფ. იგორ სვანიძის სამეცნიერო ინტერესთა სფერო საკმაოდ ფართო იყო. ჯერ კიდევ 1967 წლიდან მის მიერ შექმნილ ჰისტოქიმიის ლაბორატორიაში შეისწავლებოდა ცილის ფუნქციური ჯგუფების და ნუკლეინის მჟავების რაოდენობრივი ცვლილებები ნეირონებში და გლიურ უჯრედებში ორგანიზმის განვითარების პროცესში და მომატებული ფუნქციური აქტივობის პირობებში. ასევე დადგენილ იქნა მხედველობის მონოსინაფსური გზების არსებობა, რომლებიც აკავშირებენ თვალის ბადურას თავის ტვინის მხედველობის ველთან და სხვა უბნებთან.
ნეირონებს შორის ფუნქციური კავშირების ფორმირების შესასწავლად და ცნს-ის უჯრედების აქტიურობის სხვადასხვა ფორმების გამოსავლენად ი. სვანიძის მიერ საქართველოში პირველად იქნა დანერგილი ნერვული ქსოვილის ორგანოტიპური და დისოცირებული კულტურის მოდელური ექსპერიმენტები. გამოვლენილ იქნა ნერვ-კუნთოვანი კავშირების ფორმირება და აქსონების ზრდის სხვადასხვა ტიპები, ხოლო დისოცირებული კულტურის სერიაში პირველად იქნა აღწერილი თავის ტვინის ეკრანული სტრუქტურის ანალოგიური სტრუქტურის რეკონსტრუქციის პროცესი.
ნეირომორფოლოგიის ლაბორატორიის თემატიკა განპირობებული იყო ცნს-ის ძირითადი ფუნდამენტური კვლევებით, რომლებიც მიმართული იყო განვითარების პროცესების მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისკენ. ლაბორატორიაში შეისწავლებოდა ეთანოლის და ქსენობიოტიკის ტოლუოლის ზეგავლენა თეთრი ვირთაგვების თავის ტვინის ლიმბური და მოტორული სისტემების ქერქული და ქერქქვეშა სტრუქტურების ნეიროგენეზზე, მეტაბოლიზმზე, ცხოველთა ქცევით პარამეტრებზე და აღნიშნული ზეგავლენით გამოწვეული დარღვევების შესუსტების მცდელობა სხვადასხვა ანტიოქსიდანტების მეშვეობით. აღნიშნული კვლევა შესრულდა შ. რუსთაველის სამეცნიერო ეროვნული ფონდის მიერ 2010-2012წწ დაფინანსებული 2 გრანტის ფარგლებში. ეთანოლის დაბალი (ჰორმეზული) დოზების მასტიმულირებელი ზემოქმედების შესწავლა ლიმბური სისტემის ნეიროგენეზზე ასევე დაფინანსდა შ. რუსთაველის სამეცნიერო ეროვნული ფონდის მიერ 2015-2018წწ. ვინაიდან ტოქსიკური ნივთიერებების ჰორმეზული დოზა-ეფეტის დადგენა თანამედროვე ბიოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, აღნიშნული გრანტის შესრულების შედეგად მიღებულ მონაცემებს აქვს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მნიშვნელობა.
აღნიშნული კვლევების თავისებურება მდგომარეობს იმ ურთიერთდამოკიდებულებაში, რაც არსებობს ნეიროგენეზის დარღვევასა და ნაყოფის ალკოჰოლური და ტოლუოლური სინდრომების ფორმირებას შორის. ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლენილ იქნა, რომ მაკე ვირთაგვების მიერ ეთანოლის და ტოლუოლის მოხმარება მათ შთამომავლობაში იწვევს თავის ტვინის გვერდითი პარკუჭების ღეროვანი უჯრედების და ჰიპოკამპის დაკბილული ფასციის მარცვლოვანი უჯრედების წინამორბედების პროლიფერაციული აქტივობის დათრგუნვას. ამ დროს აღინიშნება აგრეთვე ნეირო- და გლიობლსტების მიგრაციის პროცესის დარღვევა, რაც აღწერილი იყო ქსოვილის კულტურის მოდელურ ექსპერიმენტებში. ნეიროგენეზის ძირითადი ეტაპების დაზიანება, განსაკუთრებით ჰიპოკამპში, ვლინდება ცხოველების ქცევაში. დადგენილ იქნა, რომ ეთანოლის და ტოლუოლის ზემოქმედება ვირთაგვების განვითარების ადრეულ ეტაპებზე იწვევს კვლევითი აქტიურობის მნიშვნელოვან შესუსტებას.
კვლევის შემდეგი სერია ეხებოდა ნაკლებად შესწავლილ საკითხს - თავის ტვინის სილვიის წყალსადენის ამომფენი ეპენდიმური უჯრედების წამწამოვანი აპარატის ფუნქციურ აქტივობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავის ქალასშიდა წნევის რეგულაციაში.
ი. სვანიძე იყო 1 სადოქტორო და 13 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი. ლაბორატორიის თანამშრომლებთან ერთად გამოქვეყნებულია 2 მონოგრაფია და 100-მდე სამეცნიერო ნაშრომი. წლების მანძილზე იგი ღებულობდა აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო სიმპოზიუმების და კონფერენციების მუშაობაში.
1959 – 2006წწ – ი.ჯავახიშვილის სახ. თსუ–ს ბიოლოგიის ფაკულტეტის ციტოლოგიის, ჰისტოლოგიის და ემბრიოლოგიის კათედრაზე კითხულობდა ძირითად საგანს – ციტოლოგიას და პათოლოგიურ ჰისტოლოგიას. აგრეთვე კითხულობდა პათოლოგიური ჰისტოლოგიის სპეცკურსს მაგისტრანტებთან.
ი. სვანიძე იყო მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ნიუ–ორკის აკადემიის ნამდვილი წევრი (1996წ), 1993წ მის მიერ შესრულებული შრომებისათვის პრემირებული იყო სოროსის ფონდის მიერ. ი. სვანიძე დაჯილდოვებული იყო სახელმწიფო ჯილდოთი – ღირსების ორდენი, იყო IBRO–ს და Sigma X–ის წევრი. ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა და ფიზიოლოგთა საზოგადოებების წევრი.