მალხაზ ზაალიშვილი დაიბადა 1920 წლის 27 სექტემბერს ქ.მცხეთაში. მას ჰქონდა
მრავალმხრივი განათლება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. 1941 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი ფიზიკური ქიმიის სპეციალობით. ამასთან, ქიმიის ფაკულტეტზე სწავლის პარალელურად, როგორც თავისუფალმა მსმენელმა, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზეც გაიარა სრული კურსი. 1944 წლიდან სწავლა გააგრძელა ასპირანტურაში ბიოქიმიის სპეციალობით. 1946 წლიდან შესაძლებლობა მიეცა, სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობა გაეგრძელებინა მოსკოვში, გამოჩენილი მეცნიერის, ვლადიმერ ენგელგარდტის ხელმძღვანელობით. ამ შესანიშნავ, მაღალი დონის მეცნიერთან და ინტელექტუალთან ურთიერთობამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა მალხაზ ზაალიშვილის შემდგომი სამეცნიერო მოღვაწეობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება - ბიოლოგიური ძვრადობის პრობლემების კვლევა, რაც სხვა ბევრ საკითხთან ერთად, სიცოცხლის ბოლო დღემდე მისთვის შეუცვლელ სამეცნიერო ინტერესს წარმოადგენდა. 1949 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. აკადემიკოსმა ენგელგარდტმა ახალგაზრდა მეცნიერს მოსკოვში დარჩენა და ლაბორატორიის ხელმძღვანელობა შესთავაზა, მაგრამ მისთვის, როგორც ჭეშმარიტი მამულიშვილისა და პატრიოტისათვის სხვა არჩევანი არ არსებობდა, გადაწყვეტილი ჰქონდა სამშობლოში დაბრუნება.
1951 წელს მალხაზ ზაალიშვილი თბილისიდან გორში გადავიდა და პედაგოგიურ ინსტიტუტში გააგრძელა საქმიანობა, სადაც დოცენტის თანამდებობა ეკავა და კითხულობდა ლექციებს არაორგანულ, ორგანულ და ფიზიკურ ქიმიაში. ბატონი მალხაზი 1956 წელს დაბრუნდა თბილისში და მუშაობა განაგრძო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე.
გასული საუკუნის 50-იან წლებში, როცა ჩვენში ფეხს იდგამდა მეცნიერების ახალი დარგი – ბიოფიზიკა, მ. ზაალიშვილმა პირველმა შეადგინა ბიოლოგიური ფიზიკის ზოგადი კურსის პროგრამა და 1956 წლიდან უძღვებოდა ბიოლოგიური ფიზიკის კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1962 წელს, ამავე უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე მან ჩამოაყალიბა სპეციალიზაცია „ბიოფიზიკა“, რომლის ბაზაზე შემდგომში შეიქმნა მაკრომოლეკულების ფიზიკის კათედრა, სადაც იგი კითხულობდა ლექციებს ზოგად და უჯრედის ბიოფიზიკაში, ასევე, მოლეკულურ ბიოლოგიაში. 1962 წელს, დიდი ქართველი მეცნიერის ივანე ბერიტაშვილის ინიციატივით ფიზიოლოგიის ინსტიტუტში დაარსდა საქართველოში პირველი ბიოფიზიკის ლაბორატორია, რომელსაც სათავეში ჩაუდგა უკვე გამოცდილი მეცნიერი, მალხაზ ზაალიშვილი. სწორედ ამ დროიდან უკავშირდება მის სახელს საქართველოში თანამედროვე ბიოლოგიის ისეთი დარგების განვითარება, როგორიცაა ბიოფიზიკა და მოლეკულური ბიოლოგია.
დიდმა მეცნიერულმა ალღომ და ორგანიზატორულმა ნიჭმა მალხაზ ზაალიშვილს საშუალება მისცა თავის გარშემო შემოეკრიბა ნიჭიერ მკვლევართა დიდი კოლექტივი, რომელიც მაღალ დონეზე შეისწავლიდა ბიოფიზიკის თანამედროვე საკითხებს. ლაბორატორიაში დამუშავებული პრობლემების აქტუალობამ და მნიშვნელობამ განაპირობა ბიოფიზიკის ლაბორატორიის ბიოფიზიკის სექტორად გარდაქმნა. 1986 წელს კი, სექტორის ბაზაზე დაარსდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტი. ინსტიტუტის პირველ დირექტორად ბატონი მალხაზ ზაალიშვილი იყო არჩეული და იგი მას 2000 წლამდე შეუცვლელად ხელმძღვანელობნდა. ეს, ფაქტობრივად, მალხაზ ზაალიშვილის ხელმძღვანელობით მიღებული სამეცნიერო კვლევების შედეგების დიდი მნიშვნელობის აღიარება და დადასტურება იყო. დღეს ინსტიტუტი ფუნქციონირებას განაგრძობს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ფარგლებში.
1972 წელს მალხაზ ზაალიშვილმა მოსკოვში, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ბიოფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, 1974 წელს მას მიენიჭა პროფესორის წოდება. 1979 წელს მალხაზ ზაალიშვილი არჩეული იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1988 წელს - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. 1990–2004 წლებში იგი გახლდათ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის ბიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს–მდივანი, 2004–2006 წლებში – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველი.
ბატონი მალხაზის ხელმძღვანელობით მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტში კვლევები წარმოებდა თანამედროვე ბიოლოგიის სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა: ბიოლოგიური ძვრადობის ბიოფიზიკა, ბიოლოგიური მაკრომოლეკულების ფიზიკო–ქიმია, გენომის მოლეკულური ორგანიზაცია.
1963–1968 წლებში, პირველად, მალხაზ ზაალიშვილის ხელმძღვანელობით, დადგენილი იქნა, რომ მიტოქონდრიები არ შეიცავენ მიოზინის მსგავს ცილას და ამდენად, მიტოქონდრიების მოცულობის ცვლილება არ ეფუძნება აქტინ–მიოზინის ურთიერთქმედებას, რაც შემდგომში დაადასტურეს ამერიკელმა მეცნიერებმა.
მე–20 საუკუნის 50–იანი წლებიდან ცნობილი გახდა, რომ კუნთი გარდა ძირითადი შეკუმშვადი ცილებისა, შეიცავს დიდი მოლეკულური მასის მქონე, ე.წ. გიგანტურ ცილებს: ტიტინს, ნებულინს და გლუვ კუნთში აღმოჩენილ ცილას - სმიტინს.. პირველად, მალხაზ ზაალიშვილისა და თანამშრომლების მიერ, ნაჩვენები იყო, რომ გიგანტური ცილა სმიტინი შედის არაკუნთოვანი უჯრედების შემადგენლობაში (ტვინი, ღვიძლი).
60–იანი წლებიდან მალხაზ ზაალიშვილი იწყებს მუშაობას კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემაზე. ის ინტენსიურად იკვლევს იმ პროცესების მარეგულირებელ ფერმენტებს, რომლებიც საფუძვლად უდევს გენეტიკური ინფორმაციის გადაცემას. კერძოდ, მისი ხელმძღვანელობით შეისწავლებოდა ის ფერმენტები, რომლებიც არეგულირებენ რეპლიკაციისა და ტრანსკრიპციის პროცესებს არქიბაქტერიებსა და ეუკარიოტებში.
70–იანი წლებიდან მალხაზ ზაალიშვილი თანამშრომლებთან ერთად იწყებს ამინომჟავების შემცველი ახალი ტიპის მაღალმოლეკულური ნაერთების ქიმიური სინთეზის კვლევას (ბუნებრივი ცილების სინთეზური ანალოგები), შემუშავდა ჰეტეროჯაჭვური პოლიმერების სინთეზის ახალი მეთოდი, რომელიც გამოირჩევა თავისი სიმარტივით. აღნიშნული მეთოდი საშუალებას იძლევა სინთეზირებულ იქნეს ხანგრძლივი მოქმედების სამკურნალო პრეპარატები და ადვილად განწოვადი სამედიცინო დანიშნულების პოლიმერები, რომელთაც შეუძლიათ შეცვალონ ძვირად ღირებული ბუნებრივი წარმოშობის მასალები.
სამეცნიერო კვლევების განხორციელების პროცესში, მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა მთელი რიგი ორიგინალური მეთოდები და დანადგარები. მალხაზ ზაალიშვილის მიერ დადგენილი ექსპერიმენტული ფაქტები და მოვლენები შევიდა 1971 წელს გამოცემულ მის მონოგრაფიაში - „ კუნთის შეკუმშვის ფიზიკურ–ქიმიური საფუძვლები“, რომელიც დღესაც ითვლება სამაგიდო წიგნად სპეციალისტებისათვის. ჟურნალ ბიოქიმიაში (Биохимия АН СССР Т 39 №3 ст 672 –673, 1974) გამოქვეყნებული რეცენზიის თანახმად მალხაზ ზაალიშვილის მონოგრაფია „შეიძლება განხილულ იქნეს ბოლო წლებში გამოქვეყნებულ კუნთის შეკუმშვის ფიზიკურ-ქიმიური პრობლემებისადმი მიძღვნილ მონოგრაფიებს შორის ერთ-ერთ ყველაზე უფრო ფუნდამენტურ მონოგრაფიად, რომელშიც ავტორი აყალიბებს ბიოლოგიური მოძრაობის მნიშვნელოვან პრობლემებს, ხოლო მის დასკვნით ნაწილში გამოყოფს უახლოეს მომავალში შესასწავლ საკითხებს“.
აკადემიკოსი მალხაზ ზაალიშვილი არის 14 გამოგონების და 250 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია 10 სადოქტორო და 45 საკანდიდატო დისერტაცია.
მალხაზ ზაალიშვილი იყო საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტთან და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ბიოტექნოლოგიისა და ფიზიკურ–ქიმიური ბიოლოგიის პრობლემების საუწყებათაშორისო სამეცნიერო ტექნიკური საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოფიზიკის პრობლემების სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს „ბიოლოგიური სისტემების ფუნქციონირების ფიზიკური პრინციპები“–ს ბიოლოგიური მოძრაობის სექციის თავმჯდომარე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ „მოამბის“ და ჟურნალ „მეცნიერება და ტექნიკის“ რედკოლეგიების წევრი, მრავალი წლის განმავლობაში ორი საკავშირო ჟურნალის „ბიოფიზიკა“ და „მოლეკულური ბიოლოგია“ სარედაქციო საბჭოების წევრი, „სევი“–ს წევრი ქვეყნების საკორდინაციო ცენტრის ექსპერტი.
აკადემიკოსი მალხაზ ზაალიშვილი იყო მრავალი საერთაშორისო, საკავშირო და რესპუბლიკური კონფერენციებისა და სიმპოზიუმების აქტიური მონაწილე და ორგანიზატორი, ამიერკავკასიის I, II და III რეგიონალური სკოლის ხელმძღვანელი.
წლების განმავლობაში ბატონი მალხაზი ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალურ სამეცნიერო ბიბლიოთეკას და თავდაუზოგავად ზრუნავდა აღნიშნული ბიბლიოთეკის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად, რასაც უაღრესად დიდ მნიშვნელობას ჰქონდა მეცნიერთა და სტუდენტთა წარმატებული საქმიანობისთვის.
დიდია მალხაზ ზაალიშვილის, როგორც პედაგოგისა და მეცნიერ-ხელმძღვანელის ამაგი საქართველოში ბიოფიზიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტთა თაობების აღზრდის საქმეში, მისი მოსწავლეები წარმატებით საქმიანობენ საქართველოს და უცხოეთის მაღალი რეიტინგის მქონე სამეცნიერო-აკადემიურ დაწესებულებებში.
მალხაზ ზაალიშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების ობიექტურ შეფასებაში. ის იყო 9 აპრილს მომხდარი ამბების გარემოებათა გამომკვლევი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და ამავე კომისიის ქიმიურ–ტოქსიკოლოგიური ქვეკომისიის თავმჯდომარე. მისი ხელმძღვანელობით დადგენილი იქნა 3 მომწამვლელი ნივთიერება - ქლორაცეტოფენონი (ხაფი), სი–ესი და ქლორპიკრინი, რომლებიც გამოყენებული იყო საბჭოთა ჯარის მიერ მშვიდობიანი მიტინგის დარბევისას. ამ შედეგების გამოქვეყნებას დიდი მოქალაქეობრივი გამბედაობა სჭირდებოდა. ქვეკომისია დიდი წნეხის პირობებში მუშაობდა და მას უნდა გამოეჩინა განსაკუთრებული სიმტკიცე, რათა გამკლავებოდა ზეწოლის თითოეულ გამოვლინებას. მალხაზ ზაალიშვილმა ეს მისია პირნათლად და ღირსეულად შეასრულა.
1997 წელს აკადემიკოსი მალხაზ ზაალიშვილი დაჯილდოვდა „საქართველოს ღირსების“ ორდენით.
სიცოცხლის ბოლომდე, ბატონი მალხაზი გარშემომყოფთ ანცვიფრებდა შესაშური მეხსიერებით, უშრეტი ენერგიით, მეცნიერული შორსმჭვრეტელობით, ყოველივე ახლის შემეცნებისა და შენებისაკენ დაუოკებელი სწრაფვით. ძნელბედობებისა და მრავალი სუბიექტური და ობიექტური წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც არ განელებია სამეცნიერო კვლევის დაუცხრომელი ინტერესი. სიცოცხლის ბოლო წლებში, როგორც სამეცნიერო კონსულტანტი, აქტიურად მოღვაწეობდა ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში. ათწლიან სამომავლო გეგმებს ადგენდა. სიმბოლურია, რომ ავადმყოფობის გამო, გარდაცვალებამდე მხოლოდ სამი დღე იცხოვრა საყვარელი საქმის გარეშე. ბატონ მალხაზთან უკანასკნელად, გამომსამშვიდობებლად მისული ადამიანები მწუხარებას ერთი ფრაზით გამოხატავდნენ: „წავიდა და მასთან ერთად, ეპოქა დასრულდა“. დიახ, ეპოქა დასრულდა... და მალხაზ ზაალიშვილმა, იმ ეპოქის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა დატოვა ქართული მეცნიერების უერთგულესი მსახურის ნათელი მაგალითი.