საქართველის ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ ქომეთიანი დაიბადა 1934 წლის 4 აგვისტოს ქ. თბილისში, დიდი ქართველი მეცნიერის, საქართველოში ბიოქიმიის ფუძემდებლის, აკადემიკოს პეტრე ქომეთიანისა და თამარ წულაძის ოჯახში.
ზ.ქომეთიანმა წარმატებით დაამთავრა მე-7 ვაჟთა გიმნაზია და ჩააბარა გამოცდები მოსკოვის ინჟინერულ-ფიზიკის ინსტიტუტში. სტუდენტობის პერიოდში მისი პედაგოგები იყვნენ ცნობილი მეცნიერები, მათ შორის, ნობელის პრემიის ლაურიატები - ლევ ლანდაუ და იგორ ტამი. ზ.ქომეთიანი ინსტიტუტშიც წარჩინებული სწავლით გამოირჩეოდა, რაც აღინიშნა ლებედევის სახელობის სტიპენდიით. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ზურაბ ქომეთიანი დაბრუნდა საქართველოში, სადაც 1958 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.
1959-1962 წლებში ზ.ქომეთიანი გახლდათ მოსკოვის სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ბიოფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტი. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, 1963 წელს აკადემიკოს გ.ფრანკის ხელმძღვანელობით, წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, სადაც ორიგინალური კონსტრუქციის მემბრანულ მოდელზე პირველმა დაამტკიცა, რომ არსებობდა კავშირი თავისუფალ რადიკალებსა და ნატრიუმის იონების აქტიურ ტრანსპორტს შორის. შემდეგ იგი დაბრუნდა თბილისში და გააგრძელა სამეცნიერო მოღვაწეობა ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1986 წელს დაიცვა სადოქტორი დისერტაცია ქ. კიევში, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიის ინსტიტუტში თემაზე: “Nა,K-ATPაზური სისტემის რეგულატორული მექანიზმები.” 1987 წელს ზ.ქომეთიანს მიენიჭა პროფესორის წოდება.
ზ.ქომეთიანმა საფუძველი ჩაუყარა ახალი დარგის, მემბრანოლოგიის ჩამოყალიბებასა და განვითარებას საქართველოში. ეს იყო დისციპლინა, რომელიც ჩამოყალიბდა ბიოქიმიის, ბიოფიზიკის, მოლეკულური ბიოლოგიის, ფიზიოლოგიისა და ციტოლოგიის გადაკვეთის ზღვარზე.
1973 წლიდან ზ.ქომეთიანი სათავეში ჩაუდგა მემბრანების აქტიობის შემსწავლელ ჯგუფს, რომელიც 1975 წელს ჩამოყალიბდა მემბრანოლოგიის ლაბორატორიად. ზ. ქომეთიანმა პირველმა შეიმუშავა ფერმენტული კინეტიკის ახალი თეორია, დაამუშავა მათემატიკური მიდგომა და შექმნა სპეციალური კომპიუტერული პროგრამა, რომელიც მრავალუბნიანი ფერმენტული სისტემის კინეტიკური სქემის დადგენის საშუალებას იძლევა. ამ მეთოდების გამოყენებით გახდა შესაძლებელი სრულად გაშიფრულიყო ისეთი მნიშვნელოვანი ფერმენტული სისტემის მოლეკულური მექანიზმი, როგორიცაა Nა,K-ATPაზა. ზ.ქომეთიანის მიერ პირველად იქნა შედგენილი ამ ფერმენტული სისტემის მოქმედების მექანიზმთან მაქსიმალურად მიახლოებული კინეტიკური სქემა. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ზ.ქომეთიანმა შექმნა ორიგინალური მიმართულება Nა,K-ATPაზას მოლეკულური მექანიზმის გაშიფვრის კვლევაში. მან შეისწავლა ნეიროტრანსმიტერებისა და სინაფტოსომური ფაქტორის ეფექტი ტრანსპორტულ ATPაზებზე და აღმოაჩინა სწრაფი რეგულაციის ახალი გზა, რომელიც სპეციფიკურია თავის ტვინისათვის და აქვს უაღრესად დიდი ფუნქციონალური მნიშვნელობა.
ზურაბ ქომეთიანი მრავალი ათეული სამეცნიერო ნაშრომის, 5 წიგნისა და 2 მონოგრაფიის ავტორია.M მისი ხელმძღვანელობით დაცულია 19 საკანდიდატო და სამი სადოქტორო დისერტაციები. მისმა სამეცნიერო მოღვაწეობამ მაღალი შეფასება მიიღო. მინიჭებული ჰქონდა მსოფლიოში ცნობილი ქართველი მეცნიერების-ივანე ბერიტაშვილის, პეტრე ქომეთიანისა და ივანე თარხნიშვილის სახელობის პრემიები.