კიაზო ნადარეიშვილი

რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი

კიაზო ნადარეიშვილი დაიბადა 1929 წლის 14 იანვარს სენაკში.
1953 წელს წარჩინებით დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემია. გერმანიიდან სამხედრო-სამედიცინო სამსახურიდან დემობილიზაციის შემდეგ, 1957 წლიდან კიაზო ნადარეიშვილი მუშაობას იწყებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, სადაც გაიარა გზა უმცროსი მეცნიერ თანამშრომლიდან დირექტორის მოადგილემდე სამეცნიერო დარგში. 1969 წელს მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე"რადიაციის გულსისხლძარღვთა სისტემაზე გავლენის საკითხები".
1972 წლიდან ხელმძღვანელობას უწევდა ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის რადიობიოლოგიის განყოფილებას. 1992 წლიდან 2005 წლამდე იგი გახლდათ რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, ხოლო 2005 წლიდან გარდაცვალებამდე რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავჯდომარე. ბატონი კიაზო ნადარეიშვილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი გახლდათ 1990 წლიდან.
აკადემიკოსი კიაზო ნადარეიშვილი რადიობიოლოგიისა და რადიაციული  ეკოლოგიის დარგის ფუძემდებელია საქართველოში და შესაბამისი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დამაარსებელი. მას განსაკუთრებული აღიარება მოუტანა რადიაციული ნეირობიოლოგიისა და რადიაციული კარდიოლოგიის დარგში ჩატარებულმა ფუნდამენტურმა სამეცნიერო კვლევებმა. მან მნიშვნელოვანი წვლილიშეიტანა რადიაციული ფიზიოლოგიისა და ექსპერიმენტული მედიცინის განვითარებაში.
აკადემიკოს კიაზო ნადარეიშვილის ხელმძღვანელობით შესრულებული და გამოქვეყნებული იქნა მრავალი მონოგრაფია, ასეულობით სამეცნიერო ნაშრომი, ენციკლოპედიური ცნობარები და ბიბლიოგრაფიული კრებულები. მის ერთ-ერთ ნაშრომს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ივანე თარხნიშვილის სახელობის პრემია აქვს მინიჭებული. იგი გახლდათ სამეცნიერო გამოცემების “ბიოსამედიცინოტექნიკის” და “რადიაციული გამოკვლევების” დამაარსებელი და ხელმძღვანელი. მის მიერ იქნა დაარსებული არაერთი სამეცნიერო ლაბორატორია, ცენტრი, საზოგადოება და ასევე დარგობრივი “ეკოლოგიურ მეცნიერებათა” აკადემია.
აკადემიკოს კიაზო ნადარეიშვილის ხელმძღვანელობით არაერთი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია არის დაცული.
საერთაშორისო საზოგადოებისათვის გაწეული განსაკუთრებული წვლილისთვის მიღებული აქვს აშშ-ის ბიოგრაფიული კვლევის ინსტიტუტის "წლის ადამიანის" წოდება (1997), აშშ-ის ბიოგრაფიული კვლევის ინსტიტუტის "ოქროს ჩანაწერი" (1997), ათასწლეულის ღირსების ოქროს მედალი (2000). ქართული მეცნიერების დარგში შეტანილი პირადი წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის აკადემიკოსი კიაზო ნადარეიშვილი 1999 წელს დაჯილდოვებულ იქნა ღირსების ორდენით.
კიაზო ნადარეიშვილი გარდაიცვალა 2010 წელს . დაკრძალულია თბილისში, დიდუბის პანთეონში.