ალექსანდრე როიტბაკი

ი.ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის თავის ტვინის ქერქის ზოგადი ფიზიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი

ქართველი ფიზიოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დამსახურებული მეცნიერი, პროფესორი, ყოფილი სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი და სამეცნიერო საბჭოს წევრი ალექსანდრე ილიას ძე როიტბაკი დაიბადა 1919 წლის 17 თებერვალს, უკრაინაში, ქ. ოდესაში. 1941 წ. დაამთავრა კიევის სამედიცინო ინსტიტუტი. 1944  წლიდან სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის  ფიზიოლოგიის ინსტიტუტში. ა.როიტბაკი იყო ცნობილი ქართველი ფიზიოლოგის ივანე ბერიტაშვილის მოსწავლე. 1960 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის თავის ტვინის ქერქის ზოგადი ფიზიოლოგიის ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა. 1968 წელს ა.როიტბაკი იყო არჩეული სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად.
ა.როიტბაკი 250-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორია. მისი პირველი სტატია გამოქვეყნდა 1947 წელს, ხოლო პირველი წიგნი „თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების ქერქის ბიოელექტრული ეფექტები“–1955 წელს. მისი ძირითადი შრომები ეხება ცენტრალური ნერვული სისტემის ნეიროფიზიოლოგიის და ელექტროფიზიოლოგიის საკითხებს. მან შეისწავლა თავის ტვინის ქერქის პირდაპირი პასუხები და დაასაბუთა დენდრიტულ პოტენციალთა პოსტსინაფსური ბუნება. მან აღმოაჩინა, რომ ქერქის რიტმული ელექტრული გაღიზიანებისას მასში შეიძლება ჩამოყალიბდეს აგზნების კერა — „დომინანტა“. დაადგინა, რომ ადამიანის რეაქციის დრო დაკავშირებულია სუნთქვის ფაზებთან, დაამტკიცა თავის ტვინის ქერქში ხანგრძლივ ელექტრულ პოტენციალთა წარმოშობაში ნეიროგლიის მონაწილეობა. ა.როიტბაკი არის პირობითი რეფლექსების საფუძვლის დროებითი კავშირების წარმოშობაში ნეიროგლიის როლის ჰიპოთეზის ავტორი.
მისი უნიკალური კვლევები თავის ტვინის ფიზიოლოგიაში აღიარებულია მთელი მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების მიერ.
1960 წლიდან ა.როიტბაკი იყო თავის ტვინის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის (IBRO) წევრი. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.
ალექსანდრე როიტბაკი გარდაიცვალა 1991 წლის 24 დეკემბერს, თბილისში.
ძირითადი სამეცნიერო პუბლიკაციების არასრული ჩამონათვალი:
1.    Глия и её роль в нервной деятельности. С.-Петербург, Наука, 1993, 350 с.
2.    К вопросу о бессознательном с точки зрения неироглиальной гипотезы образования временных связей. В кн: «Бессознательное. Природа. Функции. Методы исследования. Том I», Тбилиси, Мецниереба, 1978, с.788  
3.    Нейроглия и образование новых нервных связей в коре мозга, в кн: Механизмы формирования и торможения условных рефлексов, Москва, 1973.
4.    Биоэлектрические явления в коре больших полушарий, ч. 1, Тбилиси, 1955, изд-во Акад. Наук Груз. ССР 
5.    დაუნარკოზებელი კატის თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების ქერქის ბიოელექტრული ეფექტები ბგერით გაღიზიანებებზე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, თბილისი, 1954, 15, 41-47.
6.    სუნთქვის ცენტრიდან დიდი ტვინის ქერქზე იმპულსთა ირადიაციის საკითხისათვის. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, თბილისი, 1953, 14, 361-367.
7.    ალფარიტმი და მისი დეპრესიის რეაქცია შიზოფრენიის დროს. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, თბილისი, 1952, 13, 241-247.
8.    საყნოსავი ბოლქვის ელექტრული აქტივობის საკითხისათვის. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, თბილისი, 1952, 13, 377-381.
9.    სუნთქვის რითმით აღმოცენებულ ნელ რხევათა შესახებ შინაური კურდღლის ელექტროენცეფალოგრამაში. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, თბილისი, 1952, 13, 549-553.
10.    ბაყაყის თავის ტვინის რეფლექსური რეაქციების ოსცილოგრაფიული ანალიზი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, თბილისი, 1951, 12, 439-447.
11.    ბაყაყის ორგვარი სუნთქვითი მოძრაობის წარმოშობის მიზეზები. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, თბილისი, 1947, 8, 179-186.
12.    ბაყაყის სუნთქვითი ცენტრის მოქმედების ცვალებადობა საერთო სპონტანურ მოძრაობასთან დაკავშირებით. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, თბილისი, 1947, 8, 247-252.