ნიკოლოზ ძიძიშვილი

ი. ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ემოციათა ფიზიოლოგიის ლაბორატორია

ნიკოლოზ (ქუჯი) ძიძიშვილი ივანე ბერიტაშვილის მოწაფეთა პირველი თაობის გამორჩეული წარმომადგენელი იყო. განათლებით ფსიქოლოგი, იგი ახალგაზრდული ასაკიდან შეუერთდა მკვლევართა იმ ჯგუფს, რომლის წარმომადგენლებიც ბატონი ივანეს მიერ დაფუძნებული ქართული ნეიროფიზიოლოგური სკოლის სათავეებთან იდგნენ.
თავიდან იგი რეცეპტორთა ფიზიოლოგიის საკითხებს შეისწავლიდა და საქართველოში პირველი აუტოექსპერიმენტის ავტორიც გახდა: კანის რეცეპტორუ;ლი ფუნქციის შესწავლის მიზნით საკუთარ ხელზე ქირურგიულად გაიშიშვლა კანის მგრძნობიარე ნერვის ბოჭკოები და ამ ბოჭკოებიდან აღრიცხული პოტენციალების პარალელურად აკვირდებოდა კანის რეცეპტორული უბნების გაღიზიანებით წარმოქმნილ შეგრძნებებს.
ნ. ძიძიშვილი წლების განმავლობაში უკითხავდა „რეცეპტორთა ფიზიოლოგიის“ კურსს თსუ-ს ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს. იგი არის  „რეცეპტორთა ფიზიოლოგიის“ პირველი და ერთადერთი ქართული სახელმძღვანელოს ავტორი, მიღებული აქვს ი.თარხნიშვილის პრემია ამ დარგში შესრულებული კვლევებისათვის.
სამამულო ომის წლებში ნ. ძიძიშვილმა ბრძოლებში დაჭრილი, თავის ტვინის კონტუზიის მქონე  მეომრების დიაგნოზირებისა და მკურნალობის დახვეწის მიზნით საქართველოში პირველმა განახორციელა  ელექტროენცეფალოგრამის ჩაწერა.
შემდგომში მისი ინტერესების სფეროს ნერვული სისტემის ონტოგენეზის საკითხები წარმოადგენდა, რასაც მის მიერ დაარსებულ ონტოგენეზის ლაბორატორიაში შეისწავლიდნენ.
 გასული საუკუნის 70-იან წლებში ნ.ძიძიშვილის ინიციატივით ლაბორატორიამ პროფილი შეიცვალა და ონტოგენეზის ლაბორატორიის ბაზაზე შეიქმნა   ემოციათა ფიზიოლოგიის ლაბორატორია , რომელიც ემოციათა ფიზიოლოგიის პრობლემების კვლევებზე გადაერთო. განსაკუთრებით საინტერესო შედეგები იქნა მიღებული შიშის ემოციის ნეიროფიზიოლოგიური საფუძვლებისა  და მისი წარმოქმნის მექანიზმების შესწავლისას.  
ემოციათა ფიზიოლოგიის ლაბორატორიას პროფესორი ნიკოლოზ ძიძიშვილი სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა.