გიორგი მჭედლიშვილი

ი.ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის სისხლის მიმოქცევის ფიზიოლოგიის და პათოლოგიის ლაბორატორია

პროფესორი გიორგი მჭედლიშვილი, მიკროცირკულაციისა და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მსოფლიოში აღიარებული, გამოჩენილი ქართველი მკვლევარი, დაიბადა ქ. თბილისში 1921 წლის 16 ივნისს. 1944 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი და შემდეგ ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა (1947 წელს) პათოლოგიური ფიზიოლოგიის სპეციალობით. საკანდიდატო დისერტაცია გ.მჭედლიშვილმა (შესრულებული საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსის ვ. ვორონინის ხელმძღვანელობით) დაიცვა 1947 წელს თბილისში, ხოლო სადოქტორო - მოსკოვში 1957 წელს.
სამეცნიერო მოღვაწეობა ნორმალური და პათოლოგიური ფიზიოლოგიის დარგში გ.მჭედლიშვილმა ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში 1942 წელს დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა და ხელმძღვანელობდა სამეცნიერო ქვედანაყოფებს: პათფიზიოლოგიის განყოფილება (1963 წლამდე), შემდეგ კი სისხლის მიმოქცევის ფიზიოლოგიის და პათოლოგიის ლაბორატორია.
გ. მჭედლიშვილის სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი სფერო უცვლელად იყო მიკროცირკულაციის და პერიფერიული სისხლის მიმოქცევის (ძირითადად თავის ტვინის) ნორმალური და პათოლოგიური ფიზიოლოგია. მისი სამეცნიერო პროდუქცია 1946-2004 წლების განმავლობაში მოიცავს 700-მდე პუბლიკაციას, მათ შორის 7 სამეცნიერო მონოგრაფიას, რომელთაგან 2 გამოიცა ლენინგრადში და 2 ნიუ-იორკში. 13 სამეცნიერო წიგნი გამოიცა მისი რედაქტორობით (მათ შორის 8 - ინგლისურ ენაზე), 370-ზე მეტი სამეცნიერო სტატია (მათ შორის 130 ინგლისურ ენაზე), 25 სტატია ენციკლოპედიებში, 4 სამეცნიერო-პოპულარული წიგნი და 300-ზე მეტი სამეცნიერო მოხსენებათა თეზისი.
საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ექსპერტიზამ ორი ფიზიოლოგიური მოვლენა, რომლებიც მსოფლიოში პირველად იყო აღწერილი გ. მჭედლიშვილის სამეცნიერო შრომებში აღიარა, როგორც სამეცნიერო აღმოჩენა და მოახდინა მათი შესაბამისი რეგისტრაცია. ესენი იყო: „ადამიანისა და ცხოველთა სისხლის მიმოქცევის სისტემაში ერითროციტების განაწილების კანონზომიერებანი“ (1954) და „თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის რეგულაცია მაგისტრალური და პიალური არტერიებით“ (1959).
გ.მჭედლიშვიილის ხელმძღვანელობით მომზადდა მრავალი სამეცნიერო კადრი, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ არა მარტო საქართველოში, არამედ პოლონეთში, შვედეთში, გერმანიაში და ამერიკაში.
1963-1990 წლებში გ.მჭედლიშვილმა დააფუძნა და ჩაატარა 7 საერთაშორისო სიმპოზიუმი (მსოფლიოში ცნობილი „თბილისური სიმპოზიუმების“ დასახელებით), რომლებზეც მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები განიხილავდნენ მიკროცირკულაციის და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის აქტუალურ პრობლემებს.
გ. მჭედლიშვიილის ავტორობით გამოცემული მონოგრაფიების სია:
•    Г. И. Мчедлишвили. Капиллярное кровообращение. изд. АН Груз. ССР, Тбилиси, 1958.
•    Функция сосудистых механизмов головного мозга Л. «Наука» Ленинградское отд. 1968
•    G.Mchedlishvili. Vascular Mechanisms of the Brain. Plenum Publishing Corporation. New York and London, 1972
•    Г. И. Мчедлишвили. Спазм артерий головного мозга. изд. «Мецниереба», Тбилиси, 1977.
•    G.Mchedlishvili. Arterial Behavior and Blood Circulation of the Brain. «Plenum Press». New York and London, 1986,
•    G.Mchedlishvili, M.Y.Purves, A.G.B.Kovách (Eds.). Regulation of Cerebral Circulation. Proc. of the 4th Tbilisi Symposium. Publ. «Akadémiai Kiadó», Budapest, 1979,
•    G.Mchedlishvili, M.Tomita, R.Tuma (Eds). Microcirculation of the Brain. A Synoptic View by World Experts. «NOVA Science Publishers», New York, 1992