გიორგი ვაწაძე

ი.ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის რადიობიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი

გიორგი სპირიდონის ძე ვაწაძე დაიბადა თბილისში 1883 წელს.
1911 წელს იგი ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზია, მოსკოვში გაემგზავრა და სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე განაგრძო. პირველი მსოფლიო ომის დროს მეხუთე კურსელი გ.ვაწაძე „წითელი ჯვრის” მოხალისეთა რაზმში ჩაეწერა. 1915 წელს პეტერბურგში, იმპერატორის სასახლეში, დედოფალი მარიამი ოფიცერთა ჯგუფს აჯილდოებდა, რომელთა შორის გიორგი ვაწაძეც იყო. სამედიცინო სასწავლებელის დამთავრების შემდეგ იგი მოღვაწეობა რუსეთში განაგრძო, მაგრამ მამის ავადმყოფობის გამო თბილისში დაბრუნდა.
თბილისის მაშინდელი გამგებელი გ.ვაწაძე სოფელ დიღმის საერობოს უბნის ექიმად დანიშნა. მალე მას რუსეთიდან ახლად დაბრუნებული ივანე ბერიტაშვილი თბილისის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე, ფიზიოლოგიის კათედრაზე მუშაობაშესთავაზა.
გ.ვაწაძის მოღვაწეობა ამ პერიოდში მხოლოდ სამეცნიერო საქმიანობით არ შემოიფარგლებოდა. 1921 წელს იგი თბილისის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომის ჯანმრთელობის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. შემდეგ კი, როგორც ჯანდაცვის სახალხო კომისრის მოადგილე და საკურორტო სამმართველოს უფროსი, საქართველოს სხვადასხვა აგარაკებზე გახსნა ბავშვთა საზაფხულო გამაჯანსაღებელი ბანაკები, ჩვილ ბავშვთა სანატორიუმები. გ.ვაწაძე დიდ ყურადღებას უთმობდა ბორჯომს, აბასთუმანს, უწერას, განსაკუთრებით მინერალური წყლების, კერძოდ, ბორჯომის წყლის ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების შესწავლის საქმეს. ამ მიზნით იკვლევდა ბორჯომის გავლენას საჭმლის მონელებისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე.
1926 წელს გიორგი ვაწაძე რამდენიმე წლით გერმანიაში, ქ. კილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში გაემგზავრა. მისთვის, როგორც მეცნიერისთვის, ნაყოფიერი აღმოჩნდა იქ გატარებული წლები. სამშობლოში იგი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხით დაბრუნდა და კვლავ ივანე ბერიტაშვილთან განაგრძო მუშაობა.
1930 წელს უნივერსიტეტიდან სამედიცინო ფაკულტეტის ცალკე ინსტიტუტად გამოყოფის საკითხი დადგა. ივანე ჯავახიშვილმა სამედიცინო ინსტიტუტის რექტორის თანამდებობაზე თავის მოხსენებაში გ. ვაწაძეს გაუწია რეკომენდაცია. გიორგი ვაწაძე იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პირველი რექტორი (1930-1936). მისი თაოსნობით, აშენდა ორი სასწავლო კორპუსი და საერთო საცხოვრებელი 360 სტუდენტისთვის.
1944 წელს გიორგი ვაწაძეს მიანიჭეს მედიცინის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება. აღიარების პარალელურად, დაიწყო მისი გოლგოთა, რომელიც 12 წელსგაგრძელდა.
1945 წელს პროფესორი გ.ვაწაძე დააპატიმრეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სარდაფში მოათავსეს. რამდენიმე თვეში გიორგი ვაწაძეს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა, საბედნიეროდ, ეს რეპრესიები მისი ოჯახის წევრებზე არ გავრცელდა. 1949 წელს, გ.ვაწაძე ყარაღანდის მახლობლად, სპასკის შრომაგამასწორებელ ბანაკში გაამწესეს. მისი რეაბილიტაცია მხოლოდ 1958 წელს მოხდა. 1956–1971წწ. იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი.ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის რადიობიოლოგიის ლაბორატორიას. 1960-1971 წლებში გიორგი ვაწაძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული რადიობიოლოგიის პრობლემური საბჭოს თავმჯდომარე იყო.
გიორგი ვაწაძე გარდაიცვალა თბილისში, 1971 წელს.