დიმიტრი გედევანიშვილი

ი.ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ტკივილისა და ანალგეზიის ფიზიოლოგიის ლაბორატორია

დიმიტრი მიხეილის ძე გედევანიშვილი დაიბადა 1902 წლის 15 სექტემბერს, ქ.თბილისში.
საშუალო განათლების მიღების შემდეგ, 1920 წელს შევიდა თბილისის უნივერსიტეტში, რომლის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა 1927 წელს და მუშაობა დაიწყო ნევროპათოლოგიის კლინიკაში პროფესორ სიმონ ყიფშიძის ხელმძღვანელობით, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის ლაბორატორიაში და კათედრაზე, რომელსაც განაგებდა ცნობილი ქართველი ფიზიოლოგი ივანე ბერიტაშვილი. 1937 წელს დ. გედევანიშვილს მიენიჭა ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, ხოლო მოგვიანებით მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის წოდება მიიღო. იგი ფარმაცევტული და სტომატოლოგიური ინსტიტუტების ფიზიოლოგიის კათედრებს ხელმძღვანელობდა. 1946 წელს დ. გედევანიშვილი არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. 1959-1973 წლებში იგი იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო ნაწილში.
დ. გედევანიშვილი საუკუნის ერთ მეოთხედზე მეტ ხანს იკვლევდა საქართველოს სამკურნალო ფლორას, ახდენდა მის ბიოლოგიურ სტანდარტიზაციას. ამ მიმართულებით შესრულებულმა ნაშრომებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში ბუნებრივი ქიმიური ნაერთების შესწავლის საქმეში. მისი დიდი ერუდიცია და ღრმა ანალიზის უნარი საშუალებას აძლევდა ორიგინალურად გადაწყვიტა პრიორიტეტული ხასიათის მთელი რიგი პრობლემბი, რისთვისაც მას საერთაშორისო აღიარება ხვდა წილად.
დ. გედევანიშვილი 200-ზე მეტი მეცნიერულლი შრომის ავტორია. მისი დიდი ავტორიტეტისა და ფართო აღიარების დასტურია ისიც, რომ იგი იყო საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „ბიო-სამედიცინო კომპიუტერიზაციის“ ერთ-ერთი რედაქტორი, კიბერნეტიკისა და მართვის ზოგადი სისტემების მსოფლიო ორგანიზაციისა და კიბერნეტიკის საერთაშორისო ასოციაციის წევრი. იგი იყო საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, დაჯილდოვდა ლენინის, შრომის წითელი დროშისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლებით.
დიმიტრი გედევანიშვილი გარდაიცვალა 1990 წლის 28 მარტს, თბილისში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.