გასვლითი სამეცნიერო კონფერენცია ივანე ბერიტაშვილის მუზეუმში სოფელ ვეჯინში
ნანახია 916-ჯერ
2023 წლის 28 ოქტომბერს ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ინიციატივითა და ორგანიზებით, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექციასა და სამეცნიერო საბჭოსთან თანამშრომლობით, ჩატარდა მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პირველი გასვლითი სამეცნიერო კონფერენცია გამოჩენილი ქართველი ფიზიოლოგის, საქართველოში ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებელის, აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის მუზეუმში სოფელ ვეჯინში (გურჯაანი).
შესავალი სიტყვით გამოვიდნენ ნინო ფოჩხიძე - ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ხელმძღვანელი და რევაზ სოლომონია, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.
მისალმებელი სიტყვით დამსწრე საზოგადოებას მიმართეს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორმა გვანცა ჭკადუამ და ვეჯინის ივანე ბერიტაშვილის მუზეუმის დირექტორმა დესანი ფურცელაძემ.
კონფერენციის გახსნას დაესწრო გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად.კონფერენციაზე მოხსენებებით გამოვიდნენ:
1. მზია ჟვანია - ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის თავის ტვინის ულტრა- და ნანოარქიტექტონიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი-ემერიტუსი.
„მაღალი ინტენსიობის ქრონიკული ხმაური: თავის ტვინის ულტრასტრუქტურული ცვლილებები“;
2. მაკა მანწკავა - ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რეოლოგიისა და დიაგნოსტიკურ–ანალიტიკური სერვისების ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
„ახალი in silico რეოლოგიიური კოეფიციენტის და სხვა რეოლოგიური მახასითებლების კავშირი ფორმიანი ელემენტების ზოგიერთ მახასიათებლებთან ლიმფობლასტური ლეიკოზის მაგალითზე“;
3. მაია ბურჯანაძე - ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ქცევისა და კოგნიტიურ ფუნქციათა ლაბორატორიის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.
„მედიალური სეპტუმის ელექტრული სტიმულაციის ეფექტები ჰიპოკამპდამოკიდებულ სივრცით მეხსიერებაზე ბუნებრივად დაბერებულ ვირთაგვებში: ქცევითი, იმუნოჰისტოქიმიური და ნეიროქიმიური კვლევა“;
4. დავით ნადარეიშვილი - ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის გამოყენებითი რადიაციული კვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
„რადიაციულ უსაფრთხოებაში პოსტპანდემიური ჰიბრიდული განათლების ეფექტურობა. პირველადი შედეგები“.
კონფერენციის შემდეგ მონაწილებმა მოინახულეს გურჯაანის ყველაწმინდა - ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი.