საერთაშორისო სიმპოზიუმი „თავის ტვინი და ნეიროპლასტიურობა. სტრუქტურული და მოლეკულური ასპექტები“ და საგაზაფხულო სკოლა
ნანახია 1 241-ჯერ
ძვირფასო კოლეგებო,
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 2023 წლის 25-30 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი და საქართველოს ნეირომეცნიერთა ასოციაცია მართავს მე-5 საერთაშორისო სიმპოზიუმს „თავის ტვინი და ნეიროპლასტიურობა. სტრუქტურული და მოლეკულური ასპექტები“ და მე-5 საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლას ოპტიკურ, ელექტრონულ და ატომურ-ძალოვან მიკროსკოპიაში.
ორივე ღონისძიება დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. თანადამფინანსებლები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, საქართველოს ნეირომეცნიერთა ასოციაცია, აშშ მეცნიერთა საპატიო საზოგადოება Sigma Xi და კარლ ცაისის ინსტიტუტი.
სიმპოზიუმის მონაწილეები იქნებიან 80 ქართველი და უცხოელი ნეირომეცნიერი - ნეირომეცნიერების სხვადასხვა სფეროების წარმომადგენლები.
სიმპოზიუმის ორგანიზატორები მიესალმებიან აბსტრაქტების მიღებას შემდეგ საკითხებში:
- ნეიროპლასტიურობა და თავის ტვინის აღნაგობა/ულტრასტრუქტურა
- ნეირონული და კოგნიტური პლასტიურობა
- ნეიროპლასტიურობა და ნევროლოგიური დაავადებები
- ნეიროპლასტიურობა - უჯრედული და მოლეკულური დონე
- თავის ტვინი და მეტაბოლური დარღვევები
- სუპერრეზოლუციური მიკროსკოპია უჯრედულ ბიოლოგიასა და ნეირომეცნიერებაში
- კომპიუტერული ნეირომეცნიერება
დამატებითი სესიებია:
- კვლევები ნეირობიოლოგიაში: უჯრედული ხაზები თუ ცხოველები?
- ნეირომეცნიერება და ეთიკა
- ნეირომეცნიერების პერსპექტივები - მრგვალი მაგიდა
ახალგაზრდა მეცნიერთა სკოლის მონაწილეები იქნებიან 20 მაგისტრი, დოქტორანტი და ახალგაზრდა მკვლევარი - სხვადასხვა უნივერსიტეტების და სამეცნიერო ცენტრების წარმომადგენლები.
ჩატარდება თეორიული ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობები შემდეგ საკითხებზე:
- ნეიროპლასტიურობის უჯრედული და მოლეკულური ასპექტები
- ნეიროპლასტიურობის მექანიზმები და რიგი ნევროლოგიური დაავადებები
- ელექტრონულ-მიკროსკოპული, ატომურ-ძალოვან-მიკროსკოპული, იმუნოციტოქიმიური და სტრუქტურული ნეირომეცნიერების სხვა ოპტიკური მიდგომები.
იმედი გვაქვს, თქვენი შეხვედრები კოლეგებთან საფუძველს ჩაუყრის შემოქმედებით დისკუსიებს და შემდგომ ნაყოფიერ თანამშრომლობას.
თეორიულ ლექციებს ჩაატარებენ უცხოელი და ქართველი პროფესიონალები.
სიმპოზიუმის და სკოლის ვებგვერდია: https://bnsma2023.iliauni.edu.ge/