გარდაიცვალა პროფესორი იგორ სვანიძე
ნანახია 724-ჯერ
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილება, ი.ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის სამეცნიერო საბჭო და მთელი კოლექტივი დიდი მწუხარებით იუწყება, რომ საქართველოს და საერთაშორისო ნეირობიოლოგიის დარგის მეცნიერებამ დიდი დანაკლისი განიცადა. მიმდინარე წლის 30 იანვარს მოულოდნელად გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში ნეირომორფოლოგიის ლაბორატორიის დამფუძნებელი და მისი ხელმძღვანელი მრავალი წლების განმავლობაში, ღირსების ორდენის კავალერი იგორ სვანიძე.
პროფესორი ი.სვანიძე (დაბადებული 1926 წელს), იყო საქართველოში ნეიროჰისტოქიმიის დარგში ერთ-ერთი პირველი მკვლევარი. მან საქართველოში პირველმა დაიწყო ნერვული ქსოვილის კულტივირება და მისი მრავალმხრივი შესწავლა.
ი.სვანიძე ავტორია 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის ორი მონოგრაფიის და ორი სახელმძღვანელოსი. მისი მეცნიერული მოღვაწეობა მოიცავდა თანამედროვე ნეირობიოლოგიის ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა ცენტრალური ნერვული სისტემის უჯრედების დიფერენცირებისა და რეპარაციის თავისებურებები ონტოგენეზის და სხვადასხვა დარღვევების დროს; ნერვული ქსოვილის ორგანულ და დისოცირებულ კულტურებში უჯრედშორისი კონტაქტების მნიშვნელობა ცილის სინთეზის პროცესში; რიგი ფარმაკოლოგიური და ფიზიკური ფაქტორების მასტიმულირებელი ზემოქმედება ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების შემდეგ მიმდინარე აღდგენით პროცესებში; ემბრიონული ალკოჰოლური სინდრომის ჩამოყალიბების მორფო-ფუნქციური მახასიათებლები და ნეიროგენეზის დარღვევის კორექცია ალკოჰოლითა და ტოლუოლით ინტოქსიკაციის პირობებში და სხვ.
გარდა ფუნდამენტალური ხასიათის კვლევებისა პროფესორი ი. სვანიძე დიდ ყურადღებას უთმობდა აგრეთვე კლინიკური პრაქტიკისათვის დიდი მნიშვნელობის კვლევებსაც. ასე მაგალითად, წლების განმავლობაში იგი პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის ცენტრის მეცნიერებთან ერთობლივად ეწეოდა კლინიკური პრაქტიკისათვის უაღრესად მნიშვნელოვან კვლევებს - ცენტრალური ნერვული უჯრედების ცვლილებები ჟანაგბადის მწვავე უკმარისობის პირობებში და ამ მიმართებით მრავალი ყურადსაღები შედეგები იქნა მის მიერ მიღებული.
პროფესორი სვანიძე იყო მთელი რიგი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებების აქტიური წევრი, მათ შორის ტვინის შემსწავლელი საერთაშორისო საზოგადოება (IBRO), ევროპის ნეირომეცნიერთა საზოგადოებათა ფედერაცია (FENS), იყო ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, აქტიურად მონაწილეობდა ლოკალური და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმების მუშაობაში. 1993 წელს მის მიერ შესრულებული სამეცნიერო ნაშრომებისათვის გადაეცა სოროსის ფონდის მიერ დაწესებული სამეცნიერო პრემია.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ წლების განმავლობაში პროფესორი ი. სვანიძე ეწეოდა ფრიად ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას, თითქმის 40 წლის განმავლობაში იყო თბილისის ი.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის კათედრის პროფესორი. მისი ხელმძღვანელობით და კონსულტანტობით შესრულდა და წარმატებით იქნა დაცული 11 საკანდიდატო და ორი სადოქტორო დისერტაცია.
საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ და დამსახურებულ უკვე მხცოვან მეცნიერს, პროფესორ ი. სვანიძეს სიცოცხლის ბოლო დღეებამდე არ შეუწყვეტია თავისი ჩვეული რეჟიმით უაღრესად ინტენსიური კვლევითი მუშაობა ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში. იგი კვლავ სავსე იყო ახალი საინტერესო იდეებით და აყალიბებდა ჩასატარებელი კვლევების გეგმებს.
ყველაფერთან ერთად პროფესორი ი. სვანიძე წარმოადგენდა მრავალმხრივად ერუდირებულ, იუმორით აღსავსე, უაღრესად პატიოსან და პრინციპულ პიროვნებას, რომელსაც ყველა, ვისთანაც მას ჰქონდა მეცნიერული თუ სუფთა ადამიანური კონტაქტი, მიიჩნევდა მას ნამდვილი ინტელიგენტის ეტალონად.
პროფესორ იგორ სვანიძის ნათელი ხსოვნა მუდამ დარჩება მისი კოლეგების და მრავალი მეგობრების გულში.