"ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი“
ნანახია 760-ჯერ
2018 წლის 28 სექტემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით „ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი“ გაიმართა. სამეცნიერო პიკნიკი ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორმა დავით ნადარეიშვილმა გახსნეს. ღონისძიება მიზნად ისახავდა სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაციას, ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობას ფართო საზოგადოებისათვის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, მკვლევართა მოტივაციის ზრდას, ახალგაზრდების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესებას სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით. ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრმა აქტიური მონაწილეობა მიიღო გამოფენებში, «ინოვაციების გამოფენა»–ზე ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტულმა ბიომედიცინის ცენტრმა წარადგინა ორი ინოვაციური პროექტი ბიოსამედიცინო სფეროში: 1. სისტემურ-ტექნიკური კომპლექსი CR-1 კარდიორიტმი და DR- "ჭკვიანი ბალიში". «საბავშვო მეცნიერების» გამოფენაზე ჩვენმა ცენტრმა სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა სამეცნიერო, პატარებისთვის ადვილად აღსაქმელი, საინტერესო ექსპერიმენტები და გამოკითხვები. ბავშვები აქტიურად და დიდი ინტერესით ჩაერთნენ და თავად მიიღეს მონაწილეობა სახალისო ექსპერიმენტებში. ჩვენი ცენტრის საგამოფენო მაგიდებთან მთელი დღის განმავლობაშუი არ წყდებოდა მეცნიერებით დაინტერესებული ახალგაზრდების და მათი მშობლების ნაკადი.