გარდაიცვალა აკადემიკოსი მიხეილ ხანანაშვილი

ნანახია 779-ჯერ

ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ცენტრის სამეცნიერო კონსულტანტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი მიხეილ ხანანაშვილი.
მიხეილ ხანანაშვილი დაიბადა 1928 წ. 19 სექტემბერს ქ. თბილისში. 1945 წ. ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის 1 საშუალო სკოლა 1951წ. წარჩინებით დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი და იმავე წელს სწავლა განაგრძო ლენინგრადის (ამჟამად სანქტ-პეტერბურგის) ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტში – ივანე პავლოვის სახელობის ფიზიოლოგიის განყოფილებაში. ასპირანტურის დასრულების და საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ იქვე განაგრძო მუშაობა და განვლო გზა მეცნიერ მუშაკის თანამდებობიდან განყოფილების ხელმძღვანელამდე. 1962 წ. მ.ხანანაშვილმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, 1971 წ. არჩეულ იქნა საკავშირო მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, 1984 წ. – ამავე აკადემიის აკადემიკოსად. 1996 წლიდან – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსია. 1975 წ. ი.ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ მიიწვია მ.ხანანაშვილი ქცევის შემსწავლელი ლაბორატორიის გამგედ (აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის გარდაცვალების შემდეგ). 1980-90 წლებში იგი ი.ბერიტაშვილს სახ. ფიზიოლოგიის ინტიტუტის დირექტორი იყო. მისი პირველი სამეცნიერო შრომა შესრულებული იყო ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში ივანე ბერიტაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით. მისი ძირითადი კვლევის სფეროს წარმოადგენდა უმაღლესი ნერვული მოქმედების (ქცევის) კანონზომიერება ნორმასა და პათოლოგიაში, მეხსიერების, ემოციის მექანიზმების რეგულაციის პრობლემა. მას ეკუთვნის ორიგინალური კონცეფცია ინფორმაციული სტრესის შესახებ. ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორად მუშაობის წლებში მან ჩამოაყალიბა ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევის ზოგადი მიმართულება - “ნორმალური და პათოლოგიური ქცევის ორგანიზაციის და რეგულაციის ცენტრალური მექანიზმების შესწავლა”. მ.ხანანაშვილს ეკუთვნის 300-დე სამეცნიერო შრომა, მათ შორის 16 მონოგრაფია გამოქვეყნებულია, გარდა ქართულისა, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ესპანურ, ბულგარულ და სხვა ენებზე. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 35 საკანდიდატო და 7 სადოქტორო დისერტაცია. ამჟამად მისი მოწაფეები მუშაობენ საქართველოში, აშშ, რუსეთში (სანქტ-პეტერბურგში,) და რიგ სხვა ქვეყანაში. 1980-90 წწ. მ.ხანანაშვილი არჩეული იყო მსოფლიო ფიზიოლოგთა კავშირის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარედ.
მიხეილ ხანანაშვილს მინიჭებული აქვს სახელმწიფო პრემია, აგრეთვე საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ივანე პავლოვის სახელობის პრემია და ოქროს მედალი. დაჯილდოვებული იყო სხვა პრესტიჟული საერთაშორისო პრემიებით (აშშ, გერმანია, იტალია, ინდოეთი და სხვა.). იყო რამდენიმე საერთაშორისო აკადემიის წევრი და საპატიო წევრი, საპატიო დოქტორი (honoris causa). აშშ-ში სტუდენტ-მასწავლებელთათვის წაკითხული ლექციებისთვის არჩეული იყო ქ.კოლუმბოს საპატიო მოქალაქედ. აქვს მინიჭებული ჯილდო – საქართველოს “ღირსების ორდენი”.
აკადემიკოს მიხეილ ხანანაშვილის ნათელი ხსოვნა მუდამ დარჩება მისი კოლეგებისა და მოწაფეების გულებში.          



<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>