სეზონური სკოლა „უჯრედული სეკრეცია ნორმასა და პათოლოგიაში: ნევროლოგიური დაავადებებიდან დიაბეტამდე“
ნანახია 772-ჯერ
ძვირფასო ახალგაზრდა მეცნიერებო,
გვაქვს პატივი მოგიწვიოთ სეზონურ სკოლაში “უჯრედული სეკრეცია ნორმასა და პათოლოგიაში: ნევროლოგიური დაავადებებიდან დიაბეტამდე“, რომელიც გაიმართება თბილისში, 2017 წლის 1-9 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბომედიცინის ცენტრში.
უკანასკნელ წლებში უჯრედული სეკრეციის მექანიზმების კვლევა განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს. წამყვანი მნიშვნელობა იმ კავშირის გაშუქებას ენიჭება, რომელიც სეკრეციის დარღვევებსა და სხვადასხვა პათოლოგიების განვითარებას შორის არსებობს. მუშავდება ახალი ტექნიკური მიდგომები ასეთი საკითხების შესასწავლად. სხვა ნეირომეცნიერებთან ერთად, აქტუალურად მიგვაჩნია სეკრეციასთან დაკავშირებული საკითხების ფართო განხილვა, მეცნიერებს შორის იდეების გაცვლა, კვლევის ახალი მიმართულებების დაგეგმვა, ახალი პარტნიორული კავშირების შექმნა. ჩვენი სეზონური სკოლის მისია სწორედ ეს არის. სამეცნიერო პროგრამა ისეა შედგენილი, რომ მონაწილეებს რაც შეიძლება დაწვრელებით გავაცნოთ სეკრეციის პროცესის ძირითადი ეტაპები და მათი კვლევის უახლესი მიდგომები.
სეზონური სკოლის ფარგლებში ოცი ახალგაზრდა მეცნიერი: მკვლევარები, მაგისტრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან და სამეცნიერო ორგანიზაციებიდან გაეცნობიან (ა) სეკრეციის მოლეკულურ მექანიზებს, (ბ) სეკრეციის დარღვევებთან ასოცირებულ დაავადებებს, (გ) სეკრეციის მექანიზმების კვლევის განსაკუთრებით მნიშვნელოვან და უახლეს მეთოდებს, (დ) შეისწავლიან ელექტრონული მიკროსკოპიის და ატომურ–ძალოვანი მიკროსკოპიის ტექნიკებს/მეთოდებს – მაღალინფორმაციულ მიდგომებს უჯრედის სეკრეციის ულტრა– და ნანოდონეზე შესასწავლად.
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე: http://cellsecretion2017.iliauni.edu.ge/
იმედი გვაქვს, სეზონური სკოლის მონაწილეები მიიღებენ საინტერესო ინფორმაციას და მომავალში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ უჯრედული სეკრეციის საკითხების კვლევაში.
მოხარული ვიქნებით გიხილოთ ჩვენი სკოლის მონაწილეებად!
საორგანიზაციო კომიტეტი