პროფესორ გიორგი მჭედლიშვილის იუბილე
ნანახია 1 911-ჯერ
დღეს, 16 ივნისს, დიდი მეცნიერის, საქართველოს და ევროპის ფიზიოლოგთა სკოლის გამოჩენილი მეცნიერის გიორგი მჭედლიშვილის დაბადებიდან 100 წლისთავია. გიორგი მჭედლიშვილი დაიბადა ქ. თბილისში, 1944 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. ამავე ინსტიტუტში გაიარა ასპირანტურა პათოლოგიური ფიზიოლოგიის მიმართულებით (1944-1947წწ.). მისი საკანდიდატო (1947წ.) და სადოქტორო (1957წ.) დისერტაციების ხელმძღვანელი გახლდათ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსი ვლადიმერ ვორონინი. ვლადიმერ ვორონინს და ივანე ბერიტაშვილს გიორგი მჭედლიშვილის დიდ მეცნიერად ჩამოყალიბებაში განსაკუთრებულად დიდი როლი უკავიათ.
გიორგი მჭედლიშვილის კვლევების ძირითადი მიმართულებები გახლდათ ნორმალური და პათოლოგიური ფიზიოლოგია. იგი სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ივანე ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, სხვადასხვა დროს იყო ინსტიტუტის სწავლული მდივანი, პათოფიზიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, სისხლის მიმოქცევის ფიზიოლოგიის და პათოლოგიის ლაბორატორიის გამგე, ამავე ინსტიტუტის ბაზაზე არსებული მიკროცირკულაციის კვლევის რესპუბლიკური ცენტრის ხელმძღვანელი. გ.მჭედლიშვილის მიერ პირველად საქართველოში ჩვენი ინსტიტუციის ბაზაზე იყო დაწყებული ექსპერიმენტული რეოლოგიის და კლინიკური ჰემორეოლოგიის მიმართულებით კვლევები. ამჟამად, მის მიერ წამოწყებული საქმე წარმატებით გრძელდება ცენტრის რეოლოგიის და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორიაში.
გიორგი მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით ქართველი მკვლევარების მიერ დაცულია 30-ზე მეტი დისერტაცია. იგი გახლდათ არაერთი უცხოელი მეცნიერის სადოქტორო თემის ხელმძღვანელიც. დასანანია, რომ საქართველოში გასული საუკუნის 80-იან წლებში განვითარებული მოვლენების გამო მისი ღვაწლი საზღვარგარეთ უფრო დაფასდა, ვიდრე საქართველოში. თუმცა, მისი მოსწავლეები დღეისათვის წარმატებით მოღვაწეობენ სხვადასხვა ქვეყანაში და ანვითარებენ იმ მიმართლებას, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა გიორგი მჭედლიშვილის მიერ.
გ. მჭედლიშვილის სამეცნიერო საქმიანობას ახასიათებდა არასტანდარტული მიდგომა ფიზიოლოგიური და პათოლოგიური მოვლენების შესწავლისადმი, რამაც ხელი შეუწყო მანამდე უცნობი ფენომენებისა და ნიმუშების აღმოჩენას. კერძოდ, ეს ეხებოდა სისხლის მიმოქცევის ქსელების ფუნქციონირებას (1951წ.), სისხლის ნაკადის პროფილოვან განაწილებას (1958წ.), მოქმედი კაპილარების გამორთვის მექანიზმს (1957წ.), თავის ტვინის მიკროცირკულაციური ადექვატურობის ფენომენს (1980წ.), სტაზის წარმომქმნელი რეგულატორების მუშაობას (2004წ.) და სხვ.
გ.მჭედლიშვილის მიერ დაწერილი სახელმძღვანელოები დღესაც თანამედროვე სამედიცინო სწავლა/სწავლების ძირითადი ლიტერატურის ნუსხაშია განთავსებული. გ.მჭედლიშვილი განსაკუთრებულად საინტერესო მასწავლებელი და ლექტორი გახლდათ. მის მიერ შექმნილი სასწავლო პროგრამული კურსით მან არაერთხელ მოიარა ევროპის მრავალი ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია. იგი კოლაბორაციული კვლევების ცნების ერთერთი დამაარსებელია. ის გახლდათ ემერიტუსი ვროცლავის და ვარშავას უნივერსიტეტებში -პოლონეთში, გოტებორგის უნივერსიტეტის - შვედეთში, კიოლნის, მარბურგის, ჰამბურგის, ტუბინგენის უნივერსიტეტების - გერმანიაში. აახენის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტში მის საპატივსაცემად ლაბორატორია შეიქმნა. პროფესორის სახელი მიენიჭა ლაბორატორიებს ფილადელფიაში, ბალტიმორში, ლოს-ანჟელესში, სან-დიეგოში, აიოვაში.
მჭედლიშვილი იყო მრავალი რეიტინგული სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი („პათოლოგიური ფიზიოლოგია და ექსპერიმენტული თერაპია“, „ექსპერიმენტული ბიოლოგიისა და მედიცინის ბიულეტენი“; ამერიკული და ევროპული ჟურნალები „Experimental Neurology”, „Blood vessels”, “Microcirculation”, “Clinical Hemorheology and Microcirculation”). იგი სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდა ამერიკის მიკროცირკულაციის საზოგადოებას, ევროპის კლინიკური მიცროცირცულაციის საზოგადოებას, სისხლის მიმოქცევის ასოციაციას.
სისტემური ანალიზის მეშვეობით მან პირველად დააფორმირა სიმპოზიუმების თემატიკა. ეს ძალზე ინოვაციური მიდგომაა დღესაც. მისი ავტორობით და ხელმძღვანელობით ჩატარდა 7 “თბილისური სიმპოზიუმი“. 1998 წელს კი ინტერნეტ-სიმპოზიუმმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა გიორგი მჭედლიშვილი, დისტანციურად უმასპინძლა 50 ქვეყნის წარმომადგენლებს. ეს ნოვატორული და ინოვაციური წამოწყება დღესაც კი ზუმის, მიტის, ტიმსის პერიოდშიც დიდი გამოწვევაა.
მჭედლიშვილის ავტორობით გამოქვეყნებულია 7 სამეცნიერო მონოგრაფია, მათ შორის ორი აშშ-ში, 13 სამეცნიერო წიგნი, მათ შორის 8 ინგლისურ ენაზე ევროპის ქვეყნებში, 370-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, 12 სახელმძღვანელო, მათ შორის 2 ინგლისურ და 2 გერმანულ ენებზე, 4 პოპულარული სამეცნიერო წიგნი, 300-ზე მეტი თეზისი.
ივანე ბერიტაშვილის ექპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რეოლოგიის და დააგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორიის ორგანიზებით გიორგი მჭედლიშვილის დაბადებიდან 100 წლის იუბილის აღსანიშნავად გამოქვეყნდება წიგნი (ISSN 978-9941-490-88-0), რომელიც მკითხველს მოუთხრობს დიდ მეცნიერზე.
გიორგი მჭედლიშვილის 100 წლისთავს მიეძღვნა 2021 წელს გამოქვეყნებული 3 სამეცნიერო სტატია, BIOMED2021-ის ფარგლებში მის ხსოვნას მიეძღვნება სპეციალური სამეცნიერო სესია, რომლის თავმჯდომარეობაც წილად ხვდა გიორგი მჭედლიშვილის მოსწავლეს, ცენტრის რეოლოგიის და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორიის გამგეს და ცენტრის დირექტორს».
შეადგინა მ.მანწკავამ