ცენტრის ისტორია
29-12-2020
ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ისტორია სათავეს XX საუკუნის 30-იანი წლებიდან იღებს.
უდიდესმა მეცნიერმა, აკადემიკოსმა ივანე ბერიტაშვილმა 1934 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის კათედრის ბაზაზე ექსპერიმენტული ბიოლოგიის ინსტიტუტი ჩამოაყალიბა, რომელსაც 1935 წელს ფიზიოლოგიის ინსტიტუტი ეწოდა და იმავდროულად ი.ბერიტაშვილის სამეცნიერო მოღვაწეობის 25 წლისთავთან დაკავშირებით მისი სახელი მიენიჭა. საფუძველი ჩაეყარა ქართულ ფიზიოლოგიურ სკოლას, რომელმაც მალე შეიძინა საერთაშორისო ავტორიტეტი და აღიარება. მოგვიანებით, 1941 წლის დასაწყისში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დაარსების შემდეგ, ფიზიოლოგიის ინსტიტუტი აკადემიის სისტემაში გადავიდა. ინსტიტუტი მოკლე დროში საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ფიზიოლოგიისა და ნერვული სისტემის კვლევის წამყვანი ცენტრი გახდა.
დაარსების პირველივე დღიდან ფიზიოლოგიის ინსტიტუტს ივანე ბერიტაშვილი ხელმძღვანელობდა. ი.ბერიტაშვილის გარდაცვალების შემდეგ, 1951 წლიდან, ინსტიტუტის სათავეში იდგნენ ისეთი საყოველთაოდ ცნობილი მეცნიერები, როგორც აკადემიკოსი სერგი ნარიკაშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ალექსანდრე ბაკურაძე, აკადემიკოსი თენგიზ ონიანი, აკადემიკოსი მიხეილ ხანანაშვილი, აკადემიკოსი ვახტანგ მოსიძე.
ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტი იყო ერთ-ერთი წამყვანი ქართული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელშიც, ფიზიოლოგიური პროფილის ძირითადი ლაბორატორიების გარდა, წარმატებით ფუნქციონირებდა ბიოქიმიის, ბიოფიზიკის, რადიობიოლოგიის, ელექტრონული მიკროსკოპიისა და მორფოლოგიის ლაბორატორიები, რაც კომპლექსური კვლევის უპირატესობით იყო განპირობებული. 1980-იანი წლებიდან, ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტს გამოეყო და დამოუკიდებელ ინსტიტუციებად ჩამოყალიბდა ბიოფიზიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტი და რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის ცენტრი.
2010 წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობის დადგენილებით (N276), მოხდა ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის, მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტის, რადიობიოლოგიის და რადიაციული ეკოლოგიის ცენტრისა და საქართველოს ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის გაერთიანება და მათ ბაზაზე შეიქმნა სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრი.
2011 წლის ოქტომბერში საქართველოს მთავრობის დადგენილებით (N407) სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრს ეწოდა ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი.
ცენტრი ფართოდ არის ცნობილი თავისი აკადემიური მიღწევებით, რაც მას ხდის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სამეცნიერო-კვლევით ცენტრად საქართველოში. ცენტრში ფუნქციონირებს ოცი დამოუკიდებელი სამეცნიერო სტრუქტურული ერთეული , სადაც მუშაობს 150-მდე მეცნიერ თანამშრომელი, მათ შორის 115 მეცნიერებათა დოქტორი და მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი. ცენტრის მეცნიერები არიან ნეირომეცნიერების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები: ფიზიოლოგია, ბიოქიმია, მოლეკულური ბიოლოგია, ბიოფიზიკა, რეოლოგია, ინფორმატიკა, ტოქსიკოლოგია, მორფოლოგია, ატომურ-ძალოვანი მიკროსკოპია, თავის ტვინის ულტრასტრუქტურა და ნანოარქიტექტონიკა. ყოველწლიურად ცენტრის მეცნიერები აწყობენ საერთაშორისო კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, სემინარებს და სკოლებს თანამედროვე ნეირომეცნიერების სხვადასხვა საკითხებზე, მონაწილეობენ პრესტიჟულ საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო პროექტებში, წარადგენენ ჩატარებული კვლევების მონაცემებს სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებზე, აქვეყნებენ სტატიებს რეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში. ცენტრის საქმიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა - ნეირომეცნიერების განვითარების ხელშეწყობა. ცენტრი უზრუნველყოფს კვლევით შესაძლებლობებს მაგისტრანტებსა და დოქტორანტებისთვის ბიომეცნიერების სხვადასხვა დარგში. დღეს, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი წარმატებით აგრძელებს საამაყო მემკვიდრეობას, ტრადიციებს და ერთგულად ემსახურება საქართველოში ნეირობიოლოგიისა და ბიომედიცინის წარმატებულ განვითარებას და ახალგაზრდა მეცნიერთა აღზრდას.
ამჟამად ცენტრის სტრუქტურა წარმოდგენილია 21 ლაბორატორიით:
1. ნეიროფიზიოლოგიის ლაბორატორია (ხელმძღვანელი - ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ზაქარია ნანობაშვილი);
2. ბიოქიმიის ლაბორატორია (ხელმძღვანელი - აკადემიკოსი, პროფესორი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი დავით მიქელაძე);
3. ბიოინფორმატიკის ლაბორატორია (ხელმძღვანელი - ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი მალაქია ფირცხალავა);
4. ბიოფიზიკის ლაბორატორია (ხელმძღვანელი - ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი მაია მახარაძე);
5. ქცევისა და კოგნიტურ ფუნქციათა ლაბორატორია (ხელმძღვანელი - ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი მანანა დაშნიანი);
6. თავის ტვინის სისხლის მიმოქცევისა და მეტაბოლიზმის ლაბორატორია (ხელმძღვანელი - ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი თამარ დომიანიძე);
7. ექსპერიმენტული ნევროლოგიის ლაბორატორია (ხელმძღვანელი - მედიცინის აკადემიური დოქტორი გიორგი ანდრონიკაშვილი);
8. გენომის სტრუქტურისა და ფუნქციის ლაბორატორია (ხელმძღვანელი - აკადემიკოსი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ზაალიშვილი);
9. მემბრანოლოგიის ლაბორატორია (ხელმძღვანელი - ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი ეკა ნოზაძე);
10. ნეიროტოქსიკოლოგიის ლაბორატორია (ხელმძღვანელი - ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი თამარ ბიკაშვილი);
11. ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგიის ლაბორატირია (ხელმძღვანელი - ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნარგიზ ნაჭყებია);
12. ტკივილის და ანალგეზიის ლაბორატორია (ხელმძღვანელი - ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერაბ ცაგარელი);
13. რადიაციული უსაფრთხოების პრობლემატა ლაბორატორია (ხელმძღვანელი - ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, გიორგი ორმოცაძე);
14. რადიობიოლოგიის ლაბორატორია (ხელმძღვანელი - ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი მარინა ნიკოლაიშვილი);
15. რეოლოგიისა და დიაგნოსტიკურ-ანალიტიკური სერვისების ლაბორატორია (ხელმძღვანელი - ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი მაკა მანწკავა);
16. მხედველობის ფიზიოლოგიის ლაბორატორია (ხელმძღვანელი - ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი არჩილ კეზელი);
17. თავის ტვინის ულტრა- და ნანოარქიტექტონიკის ლაბორატორია (ხელმძღვანელი - ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი მზია ჟვანია);
18. ადამიანის ფსიქოფიზიოლოგიის ლაბორატორია (ხელმძღვანელი - ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი მანანა გუგუშვილი);
19. გამოყენებითი რადიაციული კვლევების ლაბორატორია (ხელმძღვანელი - ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი დავით ნადარეიშვილი);
20. ბიოქიმიური ნეიროფარმაკოლოგიის ლაბორატორია (ხელმძღვანელი - ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რევაზ სოლომონია);
21. ნეიროენდოკრინოლოგიის ლაბორატორია (ხელმძღვანელი - ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი ნატო ბუკია).ცენტრში მიმდინარეობს შემდეგი კვლევები:
1. მეხსიერების პროცესების დარღვევა თავის ტვინის სხვადასხვა უბნებში ეპილეფსიური კერის არსებობისას; უარყოფითი და დადებითი ემოციური ფაქტორების გავლენის შესწავლა კრუნჩხვითი რეაქციების განვითარება/მიმდინარეობაზე.
2. მეხსიერებისა და დასწავლის ორგანიზების სისტემურ-მოლეკულური მექანიზმები, მათი დარღვევები და კორექციის გზების ძიება; მეხსიერების ბიოქიმიური საფუძვლები; უჯრედის რეგულაციის პრინციპები; ბიოენერგეტიკული ცვლილებები ნეიროპათოლოგიურ პროცესებში.
3. ბიომაკრომოლეკულათა სტრუქტურული ანალიზი და პროექტირება; ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთთა პროექტირება და სინთეზი.
ანტიმიკრობული აქტივობის მატარებელი პეპტიდების (ამპ) შესახებ მონაცემთა ბაზის განვითარება და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე ამპ-თა პროექტირების მეთოდების შემუშავება.
4. ბიოლოგიურად აქტიური მაკრომოლეკულების ფუნქციური აქტივობისა და მათი სტაბილობის ძირითადი ფიზიკური კანონზომიერებების კვლევა; უმაღლესი ორგანიზმების კუნთის ცილოვანი კომპლექსების მოლეკულური შემადგენლობის, სტრუქტურის და ფუნქციური მექანიზმების დადგენა.
5. მეხსიერებისა და დასწავლის პროცესებში ბაზალური წინატვინის ქოლინერგული სისტემების მნიშვნელობის კვლევა; თავის ტვინის ბიოელექტრული თავისებურებების შესწავლა ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მქონე ბავშვებში კომპიუტერული ელექტროენცეფალოგრაფიის მეთოდით; ანტიდემენციური ფარმაკოლოგიური აგენტების მოქმედების მექანიზმების კვლევა ალცჰეიმერის დაავადების ცხოველურ მოდელებში.
6. თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის და მეტაბოლური უზრუნველყოფის მარეგულირებელი მექანიზმების კვლევა; ჰიპერთერმული და ფსიქოგენური სტრესული ზემოქმედებით გამოწვეული დადებითი და უარყოფითი ეფექტების განვითარების ფიზიოლოგიური და პათოლოგიური მექანიზმების კვლევა; სისხლის რეოლოგიური თვისებების ცვლილების ანალიზი სხვადასხვა პათოლოგიის პირობებში და მათი როლი თავის ტვინში მორფო-ფიზიოლოგიური დარღვევების განვითარებაში;
7. ბირთვული მატრიქსის და ADP-რიბოზილირების როლის შესწავლა ეუკარიოტულ უჯრედებში; გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მოლეკულური ანალიზი.
8. Na,K-ATPაზური სისტემის მოქმედების მოლეკულური მექანიზმისა და მისი რეგულაციის გზების დადგენა; Na,K-ATPაზური სისტემის ჩართულობა სინაფსური გადაცემის პროცესში და მისი ფუნქციური როლი.
9. სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედებით გამოწვეული ცნს-ის სტრუქტურული ორგანიზაციის ცვლილებების გამოვლენა; თავის ტვინის სხვადასხვა უბნების ნეირონების და გლიური უჯრედების დიფერენცირების და ჰომეოსტაზის დარღვევისას ცნს-ის სტრუქტურული ორგანიზაციის ცვლილებების შესწავლა.
10. ძილ-ღვიძილის ციკლის ფაზათა შერჩევითი და ტოტალური, არაფარმაკოლოგიური და ფარმაკოლოგიური, დეპრივაციის ეფექტები ძილ-ღვიძილის ციკლის არქიტექტურაზე, მოტივაციურ-ემოციურ ქცევაზე, დასწავლასა და მეხსიერებაზე; ძილ-ღვიძილის ციკლის სხვადასხვა ქცევითი მდგომარეობის ბაზისურ მექანიზმებში ჩართული ნეირონული ანსამბლების იდენტიფიკაცია და მათი ნეიროქიმიური ბუნების კვლევა; თავის ტვინის ნეიროტრანსმიტერულ/ნეირომოდულატორული და ნეიროპეპტიდული სისტემების ფუნქციური მნიშვნელობა ძილ-ღვიძილის ციკლის ულტრადიანული სტრუქტურის ფორმირებაში; ძილის დარღვევებით მიმდინარე ზოგიერთი ფსიქონერვული დაავადების (დეპრესია, ჰალუცინოგენური მდგომარეობა, კომური მდგომარეობა, ღრმა ნარკოზული ძილი) პათოგენეზის კვლევა და მათი კორექციის გზების ძიება; ძილის დარღვევებით მიმდინარე სხვადასხვა ფსიქონერვული პათოლოგიის მოდელირება ცხოველებში და ამ დარღვევათა კორექციის გზების ძიება, სამედიცინო პრაქტიკაში დანერგვის პერსპექტივით.
11. არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო წამლების გვერდითი მოვლენების კვლევა; ტრანზიტორულ რეცეპტორულ პოტენციალთა არხების (transient receptor potential (TRP) channels) კვლევა.
12. ელექტრომაგნიტური ველის მოქმედება მაკე ვირთაგვების პლაცენტარული ზრდის ჰორმონის კონცენტრაციაზე და მათი ნაშიერების ქცევასა და მეხსიერებაზე; ახალგაზრდა და ზრდასრული ვირთაგვების ქცევაზე მიკროტალღური რადიაციის გავლენა; რადიაციის სხვადასხვა დოზების გავლენა გულის რითმის ვარიაბელობაზე.
13. ადამიანის მხედველობის სისტემაში ინფორმაციის დამუშავების პროცესები. შეისწავლება ისეთი ფენომენები, როგორებიცაა: ფუნქციური სიბრმავის სხვადასხვა ფორმა; ფერადი მხედველობის დარღვევები, მათი გამომწვევი მიზეზები და კორექტირების შესაძლებლობანი; ფერთა აღქმის კონსტანტობისა და პერცეპტუალური დასწავლის მექანიზმების მოქმედების თავისებურებანი როგორც ჯანმრთელ, ისე მხედველობის სხვადასხვა დარღვევის მქონე ადამიანებში; მხედველობითი აღქმის სტაბილურობის მექანიზმები; მხედველობითი აღქმის თავისებურებანი მენტალური დარღვევების შემთხვევაში; მხედველობითი ანალიზის თავისებურებანი ოფტალმოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებში.
14. სხვადასხვა ადიქციური ნივთიერებების (ინჰალანტები, ალკოჰოლი) ქრონიკული მოხმარების მყისიერი და შორეული ეფექტის შესწავლა ახალგაზრდა და ზრდასრული ცხოველების თავის ტვინის ლიმბური, ექსტრაპირამიდული და ნეოკორტიკალური უბნების სტრუქტურულ/ულტრასტრუქტურულ აღნაგობაზე და ნანოარქიტექტონიკაზე; ნორმაში, სხვადასხვა ფიზიოლოგიურ პირობებსა და პათოლოგიაში უჯრედის უნივერსალური სეკრეტორული მანქანის - პოროსომული ნეირონული კომპლექსის - სტრუქტურული, ულტრასტრუქტურული და ნანო- აღნაგობის შესწავლა;
ეპილეფსიის გამომწვევი ნივთიერებებით გამოწვეული თავის ტვინის ეპილეპტოგენური ზონების სტრუქტურული, ულტრასტრუქტურული და იმუნოციტოქიმიური ცვლილებების შესწავლა; სტრესის სხვადასხვა ფორმების ეფექტის შესწავლა თავის ტვინის ლიმბური, ექსტრაპირამიდული და ნეოკორტიკალური უბნების სტრუქტურა/ულტრასტრუქტურაზე და მოლეკულური აღნაგობის რიგ მახასიათებლებზე; ჰიპოკინეზიის სხვადასხვა ფორმების ეფექტის შესწავლა თავის ტვინის ლიმბური, ექსტრაპირამიდული და ნეოკორტიკალური უბნების ნეიროარქიტექტონიკაზე.