საურმაგ ბუთხუზი

ტკივილისა და ანალგეზიის ფიზიოლოგიის ლაბორატორია

საქართველოში ტკივილისა და ანალგეზიის ფიზიოლოგიის მეცნიერული მიმართულებისა და ლაბორატორიის დამფუძნებელი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საურმაგ ბუთხუზი დაიბადა 1927 წლის 22 ივლისს. მისი მშობლები იყვნენ: მიხეილ ბუთხუზი და ნინა ჩაჩანიძე. მიხეილ ბუთხუზი პროფესიით ექიმი ქირურგი XX საუკუნის 30-იან წლებში მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ქირურგად, ხოლო დიდი სამამულო ომის დროს იყო აღმოსავლეთის ფრონტის მე-10 დივიზიის წამყვანი ქირურგი და სამედიცინო სანიტარული ბატალიონის მთავარი ექიმი, შემდგომში კი სსრკ-ს ბალტიის ფლოტის წამყვანი ქირურგი. მიღებული ჰქონდა ორი წითელი ვარსკვლავის ორდენი. 1949 წსაურმაგ ბუთხუზმა წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი და 1949-53 წწ მუშაობდა ყბა-სახის ქირურგად თსსი-ს ყბა-სახის ქირურგიის კათედრაზე, სადაც გაიარა ორდინატურა, სადაც მან რამოდენიმე სტომატოლოგიური ქირურგიის მეთოდის მოდიფიკაცია მოახდინა, რაზეც მიღებული ჰქონდა გამოგონების სიგელი. 1953-56 წლებში იგი არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი და აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის ხელმძღვანელობით იცავს საკანდიდატო დისერტაციას ნერვ-კუნთის ფიზიოლოგიაში. რომლის ოპონენტადაც მოწვეულ იქნა ცნობილი სპეციალისტი ლენინგრადიდან - პროფესორი ელგრაფ ჟუკოვი. რომელმაც ძალიან მაღალი შეფასება მისცა ნაშრომს და დისერტაციის ფრაგმენტი გამოაქვეყნა თავის ცნობილ მონოგრაფიაში. 1969 წელს კი იგი იცავს სადოქტორო დისერტაციას კუდიანი ბირთვის ფუნქციონირების შესახებ. 1956-61 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ჯერ უმცროს, ხოლო 61-76 წლებში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1976-2005 წლებში იყო მისივე დაფუძნებული ტკივილისა და ანალგეზიის ნეიროფიზიოლოგიის ლაორატორიის გამგე. მას აქვს გამოქვეყნებული 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო-ფიზიოლოგიურ ჟურნალებში და არის მონოგრაფიის ავტორი, რომელსაც მიენიჭა თარხნიშვილის პრემია. სსრკ-ს ფიზიოლოგებს შორის მან პირველმა სისტემატურად შეისწავლა თავის ტვინის ბაზალური ბირთვების ფუნქციები, ქერქისა და ქერქქვეშა ბირთვების ურთიერთობის რეტიკულური ფორმაციის ფიზიოლოგიური საფუძვლები. სსრკ-ში იგი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც რამოდენიმე წლის მანძილზე შეისწავლიდა კუდიანი ბირთვის აგებულებასა და მის ფიზიოლოგიას, მის ურთიერთობას დიდ ჰემისფეროებთან. საურმაგ ბუთხუზმა უარყო იმ დროისათვის გაბატონებული აზრი ბაზალური ბირთვების მხოლოდ და მხოლოდ მოტორული ფუნქციების შესახებ და დაადგინა, რომ ეს წარმონაქმნები ექსტრაპირამიდული მოტორული რეაქციების კოორდინაციაში მონაწილეობასთან ერთად, დიდ როლს თამაშობენ თავის ტვინის ინტეგრაციულ მოქმედებაში. მან ერთ-ერთმა პირველმა გამოთქვა მოსაზრება კუდიანი ბირთვის შავ სუბსტანციასთან ერთად დადგენილ ურთიერთკავშირზე, ამ წარმონაქმნების მონაწილეობაზე პარკინსონის დაავდებაში, რაც შემდგომში დადასტურებულ იქნა როგორც ფიზიოლოგების, ასევე ნევროლოგების მიერ. მისი მეცნიერული მოღვაწეობის მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენდა ტკივილის, მისი შეკავებისა და ანალგეზიის ფიზიოლოგიური მექანიზმების შესწავლა. 1971 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში მან ჩამოაყალიბა ტკივილის მექნიზმის შემსწავლელი ჯგუფი და 1976 წლიდან სათავეში ჩაუდგა ტკივილის ნეიროფიზიოლოგიის ლაბორატორიას, რომელიც პირველი იყო საბჭოთა კავშირის მასშტაბით. 1971-76 წწ ჩეხოსლოვაკიის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში ჩეხ კოლეგებთან ერთობლივ შრომებს ატარებდა სამწვერა ნერვის სისტემაში ტკივილის მიმღები ქერქული უბნის მტკივნეულობის აფერენტაციაზე, აგრეთვე მხედველობის ბორცვებში ცენტრალური ნერვული სისტემის უმაღლეს დონეთა მიმართულებით მტკივნეული აფერენტაციის გადაცემის გზებზე. მან დაადგინა, რომ ტვინის ღეროში ტკივილის მექნიზმების შემაკავებელი გზების არსებობა იწვევს ტკივილის შეკავებას ანალგეზიური პრეპარატების გარეშე. ასევე, მნიშვნელოვანი მონაცემები შეიტანა ტკივილის შემაკავებელი ძირითადი ღეროვანი სტრუქტურის-ცენტრალური რუხი ნივთიერების, ფუნქციური ორგანიზაციის შესახებ. აღნიშნული შედეგები გამოქვეყნდა საერთაშორისო ჟურნალ BRAIN Res.-ის 1972, 41, 211-213; 1974, 66, 325-327 ნომრებში. საურმაგ ბუთხუზმა პირველმა აღწერა აღნიშნული სტრუქტურის, როგორც ანალგეზიის ენდოგენური სისტემის ძირითადი რგოლის, მოქმედების ნეიროფიზიოლოგიური დახასიათება. ასევე მან მსოფლიოში პირველმა შექმნა ე.წ. „ტკივილის გამომწვევი კბილის მეთოდი“. ეს მეთოდიკა მან პირველად დანერგა ჩეხოსლოვაკიაში მივლინების დროს პროფესორ ვიკლიცკისთან თანამშრომლობის პერიოდში და ამ მეთოდს ბუთხუზი-ვიკლიცკის მეთოდი ეწოდა. 1971 წ ქ. ალმა-ატაში ბატონმა საურმაგმა გაიარა აკუპუნქტურის შემსწვლელი კურსები. იყო საქართველოში პირველი სპეციალისტი აკუპუნქტურისა და რეფლექსოთერაპიის განხრით. 1980 წლიდან მისივე დაარსებულ ლაბორატორიაში მუშაობდა ტკივილისა და ანალგეზიის ინტეგრაციაში მონაწილე, ტვინის ღეროს ანალგეზიური სტრუქტურების ფუნქციური ორგანიზაციის შესასაწავლად. მან შეისწავლა: რუხი ნივთიერების, ნათხემის ბირთვებისა და სამწვერა ნერვის ბირთვის ნეირონული აქტივობა და მათი ცვლილებები ნარკოტიკული ანალგეზიური ნივთიერებების გავლენით. დეტალურად შეისწავლა ჰიპოთალამუსისა და ცენტრალური რუხი ნივთიერების ანტინოციცეპტური სისტემის ურთიერთქმედება. ეს იყო სრულიად ახალი სიტყვა ტკივილისა და ანალგეზიის ურთიერთობაში. 1975 წელს საურმაგ ბუთხუზი არჩეულ იქნა ტვინის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაციის IBRO-ს წევრად; მონაწილეობდა IBRO-ს II სართაშორისო კონგრესზე ბუდაპეშტში 1987 წელს. 1990 წლიდან არის ტკივილის შემსწავლელი საერთაშორისო ასოციაციის (IASP)-ის წევრი. შეყვანილია საეთაშორისო ბიბლიოგრაფიული ცენტრის 1996 წლის XVII გამოცემაში - ჟურნალი “who is who” –„წარმატებული ადამიანი“. იყო 8 საკანდიდატო და 2 სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი. საურმაგ ბუთხუზი 2002 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
საურმაგ ბუთხუზი გარდაიცვალა 2010 წლის 6 ნოემბერს.